უკან
ორშაბათი | 03 თებერვალი. 2020
2019 წლის კავკასიის ბარომეტრი საქართველოსთვის უკვე ხელმისაწვდომია

2020 წლის 30 იანვარს, „CRRC-საქართველომ“ გამოაქვეყნა კავკასიის ბარომეტრის კვლევის 2019 წლის გამოკითხვის შედეგები საქართველოსთვის. „კავკასიის ბარომეტრი“ ფართომასშტაბიანი საჯაროდ ხელმისაწვდომი შინამეურნეობების გამოკითხვაა, რომლის მიზანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ოჯახების ეკონომიკურ ქცევასა და სოციალურ შეხედულებებზე სანდო და ერთმანეთთან შესადარი მონაცემების შეგროვება. 2008 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, გამოკითხვა რეგიონის სამივე ქვეყანას: საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს მოიცავდა. ხოლო 2015-დან 2019 წლის ჩათვლით კვლევა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში ტარდება.

2019 წლის კავკასიის ბარომეტრი საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის მე-9 ტალღაა. გამოკითხულია 2 317 რესპონდენტი. შეფასების მაქსიმალური ცდომილება შეადგენს 4.1%-ს. შედეგები, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ასევე დედაქალაქის, სხვა ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების წარმომადგენლობითია.

გამოკითხვის ყველა მონაცემი და დოკუმენტაცია ხელმისაწვდომია „CRRC-საქართვლოს“ მონაცემთა ონლაინ ანალიზის ვებგვერდზე: caucasusbarometer.org. ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია გამოკითხვის ახალი ტალღის მონაცემების გაანალიზება და დროთა განმავლობაში შეხედულებების ცვლილებების გაცნობა.

აღნიშნულ კვლევაში დაისვა წინა ტალღებში გამოყენებული შეკითხვები, რომლებიც შეეხებოდა კონფლიქტის მოგვარებას, გენდერულ საკითხებსა და თამბაქოს მოხმარებას.

მონაცემების საჯარო პრეზენტაცია „ქორთიარდ-მერიოტში“გაიმართა. „CRRC-საქართველოს“ კვლევების დირექტორმა გამოკითხვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებები წარმოადგინა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეხედულებების ცვლილებას. მოხსენების სლაიდები ხელმისაწვდომია, როგორც ქართულ ისე ინგლისურ ენაზე.

2019 წლის კავკასიის ბარომეტრის სიღრმისეული ანალიზი დროდადრო გამოქვეყნდება CRRC-ის სოციალურ მეცნიერებათა ბლოგების პლატფორმაზე. ანალიტიკურ ბლოგებში განხილული იქნება კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული შეხედულებების ცვლილება, გენდერული საკითხების მიმართ დამოკიდებულების ცვლილება, მოსახლეობის პოლიტიკური გარემოს აღქმა და ა.შ. ბლოგების სანახავად, გთხოვთ, თვალი ადევნოთ ჩვენს Twitter და Facebook გვერდებს.